შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრე-კინოლოგებმა გადამზადების სპეციალური პროგრამა გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის სამმართველოში მესაზღვრე-კინოლოგების გადამზადების სპეციალური პროგრამის მეხუთე ეტაპი დასრულდა. სწავლებას ლატვიელი ექსპერტები უძღვებოდნენ.

სასწავლო კურსის მიზანი იყო ქართველი მესაზღვრე-კინოლოგების პროფესიული მომზადების დონისა და კვალიფიკაციის ამაღლება და სასამსახურო ძაღლების წვრთნის პროცესის გაუმჯობესება.

ტრენინგი მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) პროექტის ფარგლებში ჩატარდა. პროექტი მოიცავს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციისთვის კინოლოგიური და ტექნოლოგიური აღჭურვილობის შესყიდვას. პროექტის ფარგლებში სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის სამმართველოს ინსტრუქტორებისათვის სასწავლო კურსის ჩატარება დაგეგმილია მოლდოვასა და ლატვიაში.

მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი, ლატვიის საზღვრის დაცვის სამსახურის ჩართულობით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის სამმართველოს მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს მესაზღვრე-კინოლოგების გადამზადებისა და სასაზღვრო კინოლოგიის განვითარების კუთხით.

სიახლეების გამოწერა