შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტს მყვინთავების სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს რუმინეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტომ (RoAid) მყვინთავების თანამედროვე აღჭურვილობა საჩუქრად გადასცა.

რუმინეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (RoAid) გენერალურ დირექტორს - კატალინ კონსტანტინ ჰარნაგეიას და სააგენტოს წარმომადგენლებს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ უმასპინძლა.

შეხვედრას სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, პირველი რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძეც დაესწრო.

მხარეებმა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს. თემურ კეკელიძემ სტუმრებს სანაპირო დაცვის აღჭურვილობის განახლების პროცესში გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის დასასრულს, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ და რუმინეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა კატალინ კონსტანტინ ჰარნაგეიამ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს პროექტისთვის „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის ფარგლებში შემოთავაზებული მხარდაჭერა 2020-2023“.

სიახლეების გამოწერა