სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული რეისები განაახლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ალვანიდან თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული რეისები განაახლა. სასაზღვრო ავიაციამ განახლებული რეისით სოფელ ომალოში პირველი მგზავრები უკვე გადაიყვანა. გზის ჩაკეტვის გამო თუშეთში დარჩენილი მოსახლეობა კი ბარში ჩამოიყვანა.
 
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი საავტომობილო გზის ამოქმედებამდე, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად, ომალოსა და მიმდებარე სოფლებში რეგულარულად, კვირაში ერთხელ იფრენს და მესაზღვრეებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობასაც მოემსახურება.
 
რეგულარული რეისების დანიშვნის შემდეგ, თუშეთში, ზამთრის პერიოდში 2-ჯერ მეტი მოსახლე რჩება. მათ, ასევე, შესაძლებლობა აქვთ საავტომობილო გზის გახსნამდე განაახლონ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას. რთული გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური პირობების გამო, სოფელი ომალო 6 თვის განმავლობაში დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტილია.

სიახლეების გამოწერა