სასაზღვრო პოლიციის უფროსი ყაზბეგში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე ყაზბეგში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. 

სასაზღვრო სექტორების, "თრუსოსა" და "ჯუთას", მშენებლობის პროცესი თემურ კეკელიძემ აშშ-ის თავდაცვის ატაშესთან, პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლისთან ერთად მოინახულა და ადგილზე არსებულ ვითარებას მოადგილეებსა და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად გაეცნო. 

სასაზღვრო სექტორების განახლება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. მშენებლობის პროცესის დასრულების შემდგომ, სექტორი საზღვრის დაცვის, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებებით აღიჭურვება. განახლებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების ზრდას, საზღვარზე არსებულ საფრთხეებზე რეაგირების მექანიზმების გაუმჯობესებას და სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერებას. 

პროექტი აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

სიახლეების გამოწერა