სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა პროექტების მართვის კურსი გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა პროექტების მართვის კურსი გაიარეს. სწავლების მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პულისმა.

პროექტების მენეჯმენტის კურსი ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით, ნატოს სამეკავშირეო ოფისში ჩატარდა. ტრენინგს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერები ესწრებოდნენ.

კურსის მიზანი იყო სწავლების მონაწილეებისთვის პროექტების მართვისთვის საჭირო უნარების განვითარება და შიდა კოორდინაციის გაუმჯობესება. ტრენინგის ფარგლებში, ტრენერთა სასწავლო კურსი გაიარა სასაზღვრო პოლიციის ხუთმა თანამშრომელმა. ისინი, როგორც პროექტების მართვის ინსტრუქტორები, შიდა ორგანიზაციული რესურსით მოახდენენ სასაზღვრო პოლიციის პერსონალის (მათ შორის რეგიონებში) რეგულარულ გადამზადებას.

სწავლების ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

სიახლეების გამოწერა