სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან, I რანგის კაპიტან რამაზ პაპიძესთან ერთად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
 
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, გმირების ხსოვნას პატივი მიაგო სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ, ასევე, ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ მოადგილეებთან ერთად და საკრებულოს თავმჯდომარემ ბექა ვაჭარაძემ.
 
2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, სანაპირო დაცვისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ინფრასტრუქტურა და ფლოტი ნაწილობრივ განადგურდა. რუსეთის საოკუპაციო ძალების აგრესიის შედეგად, ფოთის ბაზაზე, დაიღუპა 5 (საზღვაო კაპრალი ზვიად ბარბაქაძე, საზღვაო კაპრალი თემურ ფიჩხაია, საზღვაო კაპრალი ზვიად დათუაშვილი, საზღვაო კაპრალი გიორგი ღვინჯილია, კაპიტან-ლეიტენანტი თეიმურაზ ჭიტაძე) და დაიჭრა საზღვაო ძალების 35-მდე წარმომადგენელი.
 
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, დაღუპული თანამშრომლების ოჯახებს მატერიალური დახმარებები გაეწიათ.

სიახლეების გამოწერა