სასაზღვრო პოლიციას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებები გადმოსცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას, საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კოორდინაციითა და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, მაღალი გამავლობის 10 ავტომანქანა, ასევე, კომუნიკაციის საშუალებები გადმოეცა.

1.4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებები სრულად აკმაყოფილებს სახმელეთო საზღვრის დაცვის მოთხოვნებს და საზღვრებზე დანაშაულის პრევენციის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

აღჭურვილობის განახლება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, „ევროკავშირი უსაფრთხოებისათვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში საზღვრის ინტეგრირებული მართვის“ პროექტის ფარგლებში, განახორციელა.

ევროკავშირი აქტიურად განაგრძობს საქართველოში საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროცესის მხარდაჭერას, რაც საზღვრის მართვის სისტემების შემდგომ განვითარებას და მოდერნიზებას გულისხმობს. ევროკავშირის დაფინანსებით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას გეგმავს.

სიახლეების გამოწერა