საქართველოს სანაპირო დაცვა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში SEA BREEZE 2019 მონაწილეობს

უკრაინაში მრავალეროვნული საერთაშორისო საზღვაო სწავლება "Sea Breeze 2019" დღეს ოფიციალურად გაიხსნა. სწავლებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადარაჯო ხომალდი "ოჩამჩირე" (P23) მონაწილეობს.

სწავლება "Sea Breeze" სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო კომპონენტებს მოიცავს და მის მიზანს, საზღვაო უსაფრთხოების განსამტკიცებლად, პარტნიორი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესება წარმოადგენს.

წელს სწავლებაში ალიანსის წევრი და პარტნიორი 19 ქვეყნის 3 ათასზე მეტი მოსამსახურე, 32 მცურავი საშუალება და 24 საფრენი აპარატი მონაწილეობს. სწავლებაში საქართველოს სანაპირო დაცვის 21 წარმომადგენელია ჩართული.

"Sea Breeze 2019" ნატოს პროგრამის - „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობის (USEUCOM) ორგანიზებით, უკრაინის ქალაქ ოდესაში მიმდინარეობს და 12 ივლისამდე გაგრძელდება.

ყოველწლიური მრავალეროვნული საზღვაო სწავლება „SEA BREEZE“ უკრაინაში 1997 წლიდან იმართება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი სწავლებაში 2009 წლიდან მონაწილეობს. ამერიკული მხარის მიერ 2018 წელს გადმოცემული სადარაჯო ხომალდი "ოჩამჩირე" კი სწავლებაში წელს პირველად ჩერთვება.

სიახლეების გამოწერა