სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა შავი ზღვის უსაფრთხოების თემაზე ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მესამე რანგის კაპიტანმა - პაპუნა დავითაიამ პროექტის - "ახალგაზრდა ევროპელი ელჩები" -  მონაწილეებისათვის ლექცია ჩაატარა "ნატო და საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში".

პაპუნა დავითაიამ მსმენელებს შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და ამ მიმართულებით საქართველოს სანაპირო დაცვის როლი და მნიშვნელობა გააცნო.

იგი შეხვედრის მონაწილეებს ნატოსა და საქართველოს შორის არსებული საზღვაო წარმატებული თანამშრომლობის შესახებ ესაუბრა.

პროექტში - "ახალგაზრდა ევროპელი ელჩები"- მონაწილეობენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდები, როგორც თბილისიდან, ასევე, ქვემო ქართლიდან, კახეთიდან და სამცხე-ჯავახეთიდან.

შემდგომ ეტაპზე, პროექტში მონაწილე ახალგაზრდები რეგიონებში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობისა და დასავლური ღირებულებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს ჩაატარებენ.

პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ერთობლივი ინიციატივით, ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება.

სიახლეების გამოწერა