ქართულ-ამერიკული წვრთნები შავ ზღვაში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ამერიკელ კოლეგებთან ერთად ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს. სწავლება ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდ "USS ROSS"-ის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

წვრთნაში, რომელიც აბორდაჟის ოპერაციასა და საზღვაო მანევრებს მოიცავდა, სანაპირო დაცვის ორი ხომალდი - "დიოსკურია" და "ოჩამჩირე" მონაწილეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ, ერთობლივი წვრთნების ჩატარებამდე, აბორდაჟის ჯგუფთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე დაგეგმილი სწავლების კომპონენტები, ასევე, აბორდაჟის ჯგუფების სერტიფიცირების პროცესთან დაკავშირებული საკითხები და არსებული საჭიროებები განიხილეს.

"არლი ბიორკის" კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი "USS ROSS" (DDG 71) საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 21 აპრილს შემოვიდა. საპორტო ვიზიტის მიზანია საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის განმტკიცება და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა.

სიახლეების გამოწერა