აშშ-ის საელჩოსა და აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურის წარმომადგენლები JMOC-ის წევრებს შეხვდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროში საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის (JMOC) 2018 წლის საქმიანობის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ გახსნა. შეხვედრას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი დაესწრო.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ JMOC-ში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები და საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი, აშშ-ის სანაპირო დაცვის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენელი - შუიტ ჰაბტემაიკლი და გლობალურ საზღვაო საფრთხეებზე რეაგირების კოორდინაციის ცენტრის დირექტორის მოადგილე - ბრაიან უილსონი.

შეხვედრაზე მხარეებმა საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის (JMOC-ის) 2018 წლის საქმიანობა, არსებული გამოწვევები და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. ღონისძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებითა და მხარდაჭერით განხორციელდა.

საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე, აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) დაფინანსებით აშენდა. ცენტრი აერთიანებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, რომლებსაც კოორდინაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო უწევს. ცენტრის მიზანია: საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული საფრთხეების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა; ზღვაზე არალეგალური ქმედებების, საზღვაო ინციდენტებისა და საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლი; პრევენცია, გამოვლენა და რეაგირება დარღვევებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის, როგორც საქართველოს, ასევე, მთელ რეგიონს; საზღვაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის ერთიანი სისტემის შექმნა; ერთიანი მართვის ცენტრში შემავალი უწყებების მიერ ერთობლივი საზღვაო ოპერაციების, აგრეთვე, კრიზისულ სიტუაციებში შეთანხმებულ მოქმედებათა დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფა.​

სიახლეების გამოწერა