სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ქბრბ ინციდენტზე რეაგირების საველე სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

02-09-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ბათუმში, აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ ორგანიზებულ, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე (ქბრბ) რეაგირების უწყებათაშორის პრაქტიკულ საველე სწავლებაში - NEXUS GEORGIA 2026 მიიღეს მონაწილეობა.

სწავლების ფარგლებში, ზღვაში, გემზე განვითარებული ქიმიური ინციდენტის სცენარის შესაბამისად, სანაპირო დაცვის ტაქტიკური ჯგუფის მიერ ინციდენტზე რეაგირების ღონისძიებები განხორციელდა. სწავლების მონაწილე დანაყოფებმა ოპერაციის ფარგლებში კოორდინირებული და ერთობლივი მოქმედებები წარმოადგინეს.

ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღება, შესაბამისი უწყებების ჩართულობის უზრუნველყოფა და რეაგირების ღონისძიებების კოორდინირება საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის (JMOC) მიერ განხორციელდა.

ღონისძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე როლანდ კვაჭაძე, უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები, აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) და საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რეაგირების პროცესში სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ჩართული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი. შესაბამისი კვლევითი კომპონენტი კი შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიურ ლაბორატორიაში განხორციელდა.

ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების უწყებათაშორისი საველე-პრაქტიკული სწავლება, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) თანამშრომლობით ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, როგორც ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტოსთან (DTRA) მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს.

ვიდეო რეპორტაჟი
ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები