შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე, ხოლო სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული სასაზღვრო პოლიციის „წითელი ხიდის“ სამმართველოს სექტორ „სადახლოს“ დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ე.წ. მწვანე ზოლის გავლით ქვეითად ცდილობდა სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით უკანონოდ გადასვლას.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეორე დაკავებული, რომელიც საქართველო–თურქეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით იძებნებოდა, ამჟამად სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული.