თემურ კეკელიძემ შავი ზღვის აუზის ქვეყნების სასაზღვრო-სანაპირო დაცვის უწყებების ხელმძღვანელთა თანამშრომლობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, შავი ზღვის აუზის ქვეყნების სასაზღვრო-სანაპირო დაცვის უწყებების ხელმძღვანელთა თანამშრომლობის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება თურქეთში, ქალაქ ანტალიაში გაიმართა.

თემურ კეკელიძემ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, შავი ზღვაზე უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების კონტექსტში, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, შავი ზღვის აკვატორიაში ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა ეწინააღმდეგება ფორუმის სულისკვეთებას და ართულებს ნაყოფიერი საზღვაო თანამშრომლობის შესაძლებლობებს.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თურქეთის სანაპირო დაცვის ხელმძღვანელს, ვიცე-ადმირალ აჰმედ ქენდირს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საზღვაო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და თურქული მხარის მიერ საქართველოს სანაპირო დაცვის ტექნიკური მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.

შავი ზღვის ქვეყნების სასაზღვრო-სანაპირო დაცვის თანამშრომლობის ფორუმი, თურქეთის რესპუბლიკის ინიციატივით, 2000 წლიდან, ყოველწლიურად იმართება. ხელმძღვანელი ქვეყანა კი როტაციის პრინციპით ირჩევა

სიახლეების გამოწერა