თემურ კეკელიძემ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ ქალაქ ვაშინგტონში გამართულ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო.

საქართველოს მხრიდან უწყებათაშორის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი ხელმძღვანელობდნენ. აშშ-ს მხრიდან შეხვედრას უძღვებოდნენ პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯოელ სტარი და რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე ლორა კუპერი.

შეხვედრაზე მხარეებმა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები, ასევე, ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესი და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები დეტალურად განიხილეს.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს შავი ზღვის უსაფრთხოების განსაკუთრებულ მნიშვნელობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების კონტექსტში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარების კონკრეტულ გზებზე და, მათ შორის, საქართველოს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის (JMOC) გაძლიერებაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის შედეგად განხორციელებულ პროექტებსა და თნამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხებს.

ამერიკულმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის რეფორმირების პროცესში მიღწეული პროგრესი და კიდევ ერთხელ დაადასტურა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობებისა და ნატო-სთან თავსებადობის გაძლიერების მიზნით.

სიახლეების გამოწერა