თემურ კეკელიძე ნატოს საზღვაო ძალების სარდალს, ვიცე-ადმირალს, სერ კლაივ ჯონსტონს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას ნატოს საზღვაო ძალების (MARCOM) სარდალი, ვიცე-ადმირალი, სერ კლაივ ჯონსტონი ეწვია. სტუმარს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს შორის საზღვაო სფეროში პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ნატოს საზღვაო ძალებსა და საქართველოს სანაპირო დაცვას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა როგორც ნატოს მუდმივმოქმედი საზღვაო შენაერთების, ასევე, ექსპერტთა და მობილური საწვრთნელი ჯგუფების ვიზიტები საქართველოში.

საპორტო ვიზიტების ფარგლებში ტარდება ერთობლივი საზღვაო წვრთნები სხვადასხვა საზღვაო ტაქტიკური ელემენტის გამოყენებით, რაც ნატოს მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს წარმოადგენს და ხელს უწყობს საქართველოს სანაპირო დაცვის ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას ნატოს საზღვაო ძალებთან.

თემურ კეკელიძემ ყურადღება გაამახვილა იმ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარებას. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ნატოს საზღვაო ძალებთან არსებული ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას და სერ კლაივ ჯონსტონს საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერების პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ნატოს საზღვაო ძალების სარდალი, ვიცე-ადმირალი, სერ კლაივ ჯონსტონი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია. ეს ნატოს საზღვაო ძალების სარდლის პირველი ვიზიტია საქართველოში.

სიახლეების გამოწერა