თემურ კეკელიძე აშშ-ს ხომალდზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საპორტო ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდს -„დონალდ კუკს“ (USS Donald Cook - DDG-75) ესტუმრა.

თემურ კეკელიძეს ხომალდის მეთაურმა, კაპიტანმა მეთიუ პაუელმა უმასპინძლა. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ხომალდი „დონალდ კუკი“ (USS Donald Cook - DDG-75) დაათვალიერა.

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი დაესწრნენ.

როს უილსონის განცხადებით, საპორტო ვიზიტის მიზანია საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის გამოხატვა.

"არლი ბიორკის" კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი "დონალდ კუკი" საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 21 იანვარს შემოვიდა. ვიზიტის ფარგლებში, ოფიციალური შეხვედრები გაიმართა საქართველოს სანაპირო დაცვის წარმომადგენლებსა და ხომალდის ეკიპაჟის წევრებს შორის. დაგეგმილია ერთობლივი საზღვაო წვრთნები საქართველოს სანაპირო დაცვის სადარაჯო ხომალდებთან „დიოსკურიასა“ და „ოჩამჩირესთან“ ერთად.

აშშ-ის ხომალდი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 25 იანვარს დატოვებს.

სიახლეების გამოწერა