თემურ კეკელიძე ამერიკულ ხომალდზე გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საპორტო ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდ USS Porter-ზე გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო.

ქართულ დელეგაციას ამერიკულ ხომალდზე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა და ამერიკული ხომალდის მეთაურმა, კაპიტანმა ქრეგ ტრენტმა უმასპინძლეს. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ამერიკული ხომალდი დაათვალიერა და ხომალდის მეთაურისგან მისი ოპერაციული შესაძლებლობებისა და ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.

ოფიციალურ მიღებას საქართველოს მთავრობის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

“Arleigh Burke”-ის კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი “USS Porter” (DDG 78) საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მეორედ იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გაიმართა საქართველოს სანაპირო დაცვის წარმომადგენლებსა და ხომალდის ეკიპაჟის წევრებს შორის. დაგეგმილია ერთობლივი საზღვაო წვრთნები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის სადარაჯო ხომალდ „ოჩამჩირეს “ და აბორდაჟის ჯგუფების მონაწილეობით.

აშშ-ის ხომალდი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 25 ოქტომბერს დატოვებს.

სიახლეების გამოწერა