შსს-ს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს თავდაცვის ატაშეები ეწვივნენ

შსს-ს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს (JMOC) საქართველოში აკრედიტებული, სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის ატაშეები ეწვივნენ. სტუმრებს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე ნინო ბაქრაძემ უმასპინძლა.

შეხვედრაზე ნინო ბაქრაძემ ცენტრის ამოცანებზე, სტრატეგიულ მნიშვნელობასა და საზღვაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა. საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის წარმომადგენელმა სტუმრებს ცენტრის საქმიანობის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა და არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.

შსს-ს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) დაფინანსებით შეიქმნა. მასში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაა გაერთიანებული, რომელთა კოორდინაციასაც შს სამინისტრო ახდენს.

ცენტრის მიზანია: საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული საფრთხეების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა; ზღვაზე არალეგალური ქმედებების, საზღვაო ინციდენტებისა და საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლი; პრევენცია, გამოვლენა და რეაგირება დარღვევებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნიან, როგორც საქართველოს, ასევე, მთელ რეგიონს; საზღვაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის ერთიანი სისტემის შექმნა; ერთიანი მართვის ცენტრის მონაწილე უწყებების მიერ ერთობლივი საზღვაო ოპერაციების, კრიზისულ სიტუაციებში შეთანხმებულ მოქმედებათა დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფა.

 

სიახლეების გამოწერა