შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელებს აბორდაჟის ორკვირიანი კურსი ჩაუტარდათ

აშშ-ს საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის ორგანიზებით და აშშ-ს სანაპირო დაცვის სამსახურის მხარდაჭერით, ფოთში   საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის უმცროს ოფიცრებსა და მიჩმანთა შემადგენლობას აბორდაჟის ორკვირიანი კურსი ჩაუტარდა.

სასწავლო კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ სავარჯიშოებს.
ტრენინგის მიზანი იყო საერთაშორისო საზღვაო სამართლებრივი პროცედურებისა და საფუძვლების შესახებ სანაპირო დაცვის თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლება და აბორდაჟის დროს რისკებზე რეაგირების მეთოდების შესახებ ინფორმირება. სწავლებას აშშ-ს სანაპირო დაცვის სამსახურიდან მოწვეული ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.

სწავლების პროცესში განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: პროფესიული კომუნიკაციები, საერთაშორისო სამართალი, შეჩერება-დაკავების პროცედურები, მაღალი რისკის შემცველი სამძებრო ოპერაციების ჩატარება, თავდაცვითი ტაქტიკა და სხვადასხვა ტიპის წვრთნები.

კურსის დამთავრებისას, ყველა მსმენელს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა. 

სიახლეების გამოწერა