შსს-ს სასაზღვრო პოლიციას საბერძნეთის რესპუბლიკის საზღვრის დაცვის სამსახურის დელეგაცია ეწვია

 შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ლევან ჭაბუკიანმა საბერძნეთის რესპუბლიკის საზღვრის დაცვის სამსახურის უფროსს, პოლიციის ბრიგადის გენერალ აქილეას სკანდალისს, არალეგალური მიგრაციის დანაყოფის დირექტორს, პოლიციის პოლკოვნიკ გიორგიოს კოსიორისს და უცხოელთა და საზღვრის დაცვის დანაყოფის წარმომადგენელს, პოლიციის კაპიტან კონსტანტინოს სპილოსის უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა საზღვრის დაცვის საკითხებში თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ურთიერთობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ, ნინო ბაქრაძემ, ბერძენ სტუმრებს საქართველოს სასაზღვრო უწყებაში განხორციელებული რეფორმები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებმა კი თავიანთი საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.

ვიზიტის ფარგლებში, საბერძნეთის დელეგაცია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის N3 სამმართველოს (წითელი ხიდი) N6 სასაზღვრო სექტორ "სადახლოს" ეწვია, სადაც სტუმრები სამმართველოს საქმიანობას გაეცნენ და არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

სიახლეების გამოწერა