შსს-ს სასაზღვრო პოლიციას პოლონეთის დელეგაცია ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას, პირველი სამუშაო ვიზიტით, პოლონეთის რესპუბლიკის სასაზღვრო უწყების დელეგაცია ეწვია.

პოლონეთის საზღვრის დაცვის მეთაურს, ბრიგადის გენერალ მარეკ ლაპინსკის შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის დროებითი მოვალეობის შემსრულებელმა, სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკმა ლევან ჭაბუკიანმა უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა საზღვრის დაცვის გაძლიერების ღონისძიებებისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს. პოლონეთის რესპუბლიკის საზღვრის დაცვის მეთაურმა ქართულ მხარესთან სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების სრული მზადყოფნა გამოთქვა.

საქართველოს სასაზღვრო უწყების ხელმძღვანელი სტუმრებს საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციაში განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე, მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე ესაუბრა. პოლონურმა მხარემ საქართველოს სასაზღვრო პოლიციას სახმელეთო და სანაპირო დაცვის გაძლიერების, ასევე, მესაზღვრეთა პროფესიული გადამზადების და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის შესაძლებლობების განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღუთქვა.

პოლონეთის რესპუბლიკის სასაზღვრო უწყების დელეგაციის წევრები შსს-ს ერთობლივი ოპერაციების მაღალტექნოლოგიურ, მულტიფუნქციურ ცენტრს ესტუმრნენ.

მარეკ ლაპინსკიმ, ლევან ჭაბუკიანთან ერთად, ლეხ კაჩინსკის სახელობის ბაღში, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ბიუსტი გვირგვინით შეამკო.

 ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის სამმართველო, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N7 სამმართველო (ყაზბეგი), "ყაზბეგის" საბაჟო გამშვები პუნქტი, ოკუპაციის მუზეუმი და საქართველოს სხვადასხვა კულტურული ძეგლი მოინახულეს.

 

სიახლეების გამოწერა