შსს-ს სასაზღვრო პოლიციას DTRA -ს დელეგაცია ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დელეგაცია ესტუმრა. ერთიანი თავდაცვის საფრთხეების შემცირების დირექტორის მოადგილეს, რადოლფ ლონგის, ერთიანი თავდაცვის საფრთხეების შემცირების დირექტორატის წარმომადგენელს,  ვიცე-პოლკოვნიკ ჩარლს ჰალდინგს  და თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ევრაზიის ოფისის ხელმძღვანელს,  ვიცე-პოლკოვნიკ მარკ რიდზინსკის სასაზღვრო პოლიციის უფროსმა დათო ნიკოლეიშვილმა უმასპინძლა.  

ვიზიტის მიზანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების შედეგების გაცნობა. DTRA-ს დახმარებით საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მათ შორის, ახალი სასაზღვრო სექტორების, ასევე, ლილოს ბაზაზე კინოლოგიის ცენტრის მშენებლობა და სახელმწიფო საზღვრის ელექტრონული დაკვირვების სისტემებით აღჭურვა.

ვიზიტის ფარგლებში, DTRA-ს წარმომადგენლები შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ლილოს კინოლოგიის ცენტრს ეწვივნენ.  სტუმრებმა ადმინისტრაციული  შენობა,  დასავლური სტანდარტის ვოლიერები, ოდოროლოგიური წვრთნის ოთახი და ვეტპუნქტი დაათვალიერეს, შემდეგ კი საჩვენებელ ვარჯიშს დაესწრნენ.

დელეგაციის  წევრები ასევე ეწვევიან სასაზღვრო პოლიციის N3 სამმართველოს (წითელი ხიდი) N6 სასაზღვრო სექტორ „სადახლოს“, ამავე სამმართველოს N7 სასაზღვრო სექტორ „კასუმლოს“და განახლებულ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებენ.  

სიახლეების გამოწერა