შსს-ს სასაზღვრო პოლიცია „SEA BREEZE–2017“-ში მონაწილეობს

საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადარაჯო ხომალდი „სოხუმი“საერთაშორისო საზღვაო სწავლება „SEA BREEZE–2017“-ში მონაწილეობს. სწავლება მიმდინარე წლის 10-23 ივლისს, პროგრამის - „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობის (USEUCOM) ორგანიზებით, უკრაინის ქალაქ ოდესაში მიმდინარეობს. ყოველწლიური საერთაშორისო საზღვაო სწავლება „SEA BREEZE“ უკრაინაში 1997 წლიდან იმართება. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი მასში 2009 წლიდან მონაწილეობს. საქართველოს სასაზღვრო უწყების გარდა, სწავლებაში მონაწილეობას იღებს ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, ბულგარეთის, კანადას, გერმანიას, საბერძნეთის, რუმინეთის, უკრაინას, მოლდოვის, პოლონეთის, აზერბაიჯანის, ბელგიის, საფრანგეთის, ნორვეგიისა და შვეიცარიის შესაბამისი უწყებები. „SEA BREEZE“-ის ძირითადი მიზანია აშშ-ის -NATO-ს გაერთიანებული სწრაფი რეაგირების ძალების ოპერაციის მხარდაჭერა და შავი ზღვის უსაფრთხოების მიზნით, საზღვაო ძალებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის ამაღლება. სწავლების განმავლობაში ქართული ხომალდი სწრაფმავალი ხომალდების ტაქტიკურ დაჯგუფებაში შევადა მონაწილეობას მიიღებს შემდეგი სახის ამოცანებში: მანევრირება ტაქტიკური ჯგუფის შემადგენლობაში, დამრღვევი ხომალდის გამოკითხვა და მასზე ერთობლივი აბორდაჟის განხორციელება ქართული და უკრაინული აბორდაჟის ჯგუფების მიერ, ინდივიდუალური აბორდაჟის წარმოება ქვეყნების მიხედვით, აბორდაჟის განხორციელება რადიოაქტიული ნივთიერების მოძებნის მიზნით, ძებნა- გადარჩენის ოპერაციების წარმოება, ასიმეტრიული თავდასხმის მოგერიება, მტრალავი ხომალდების მიერ გატრალურ კვალში გაყოლა, ადამიანი ბორტს მიღმა, ნაოსნობისათვის დახურული რაიონის კონტროლი, საზღვაო თავდასხმის მოგერიება, სადესანტო ხომალდების კონვოირება დესანტირების ადგილამდე, მოწინააღმდეგე სწრაფმავალი ხომალდის თავდასხმის ინიცირება და თავდასხმა შენაერთზე, ავარიული განგაშების დამუშავება. სპეციალურად სწავლებისთვის, სასწავლო საზღვაო სროლების ჩასატარებლად მომზადდა ორი საზღვაო რაიონი: ერთი დიდი ხომალდებისთვის, ხოლო მეორე, პატარა - მცურავი ერთეულებისათვის.

სიახლეების გამოწერა