შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას ლატვიის სახელმწიფო საზღვრის დაცვის დელეგაცია ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის წარმომადგენლები ესტუმრნენ. დელეგაციას ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი იურის მარტუკანსი ხელმძღვანელობდა. სტუმრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, თეიმურაზ კეკელიძემ უმასპინძლა.

თეიმურაზ კეკელიძემ ლატვიის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებს და მეკავშირე ოფიცერს მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. 

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ლატვიას შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.  თეიმურაზ კეკელიძემ სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.

მხარეებმა „ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულების 2018-2019 წლების თანამშრომლობის გეგმის“ თანახმად დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.

ლატვიის დელეგაციის წევრებმა, ლატვიის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან - მადარა სილინასთან ერთად, სასაზღვრო პოლიციის  კინოლოგიური სამმართველო მოინახულეს და ქართველი კინოლოგების მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ.

 

სიახლეების გამოწერა