სასაზღვრო პოლიციის უფროსმა შავი ზღვის აუზის ქვეყნების სასაზღვრო-სანაპირო დაცვის ლიდერთა მე-19 ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ უკრაინაში, ქალაქ ოდესაში, შავი ზღვის აუზის ქვეყნების სასაზღვრო-სანაპირო დაცვის ლიდერთა მე-19 ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა შავი ზღვის ქვეყნების სასაზღვრო-სანაპირო დაცვის თანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის უფროსმა, პიოტრ ციგიკალმა უმასპინძლა.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ბულგარეთისა და რუმინეთის სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელები და თურქეთის სანაპირო დაცვის უფროსი.

მხარეებმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. შეხვედრის დასასრულს, ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელშიც ასახულია საქართველოს პოზიცია, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, ეწინააღმდეგება შავი ზღვის თანამშრომლობის ფორუმის წესდებას და ხელს უშლის ამ ფორმატის პოტენციალის სრულფასოვან რეალიზებას.

შავი ზღვის ქვეყნების სასაზღვრო-სანაპირო დაცვის თანამშრომლობის ფორუმი, თურქეთის რესპუბლიკის ინიციატივით, 2000 წლიდან იმართება. ხელმძღვანელი ქვეყანა კი როტაციის პრინციპით ირჩევა.

სიახლეების გამოწერა