სასაზღვრო პოლიციის უფროსმა DTRA-ს წარმომადგენლებთან ერთად მშენებარე სასაზღვრო სექტორები მოინახულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დელეგაცია ესტუმრა. თავდაცვის საფრთხეების შემცირების მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების პრევენციის დირექტორის მოადგილეს, მარკ სალივანს და დელეგაციიას სხვა წევრებს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ უმასპინძლა.  

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დახმარებითა და დაფინანსებით, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე მიმდინარეობს სასაზღვრო სექტორების  „ხრიანი“ და ,,კატნატუ“ ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

თემურ კეკელიძემ, ამერიკელ სტუმრებთან ერთად, მიმდინარე მშენებლობა დაათვალიერა და ვითარებას ადგილზე გაეცნო. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები და დახმარების მიმართულებები განიხილეს.

განახლებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს  სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების ზრდას, საზღვარზე არსებულ საფრთხეებზე რეაგირების მექანიზმების გაუმჯობესებას და სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერებას.            

აღნიშნული პროექტი აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ეფექტური თანამშრომლობის შედეგია. აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო 2012 წლიდან ახორციელებს მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების პრევენციის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, მცურავი საშუალებების მოდერნიზაცია, სახელმწიფო საზღვრის დაკვირვების, თვალთვალისა და მონიტორინგის ტექნიკური საშუალებებით აღიჭურვა, შესაბამისი სწავლებები და სხვა. 

სიახლეების გამოწერა