სასაზღვრო პოლიციის უფროსი თურქეთის სანაპირო დაცვის სარდალს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სარდალს, კონტრ-ადმირალ აჰმეთ ქენდირს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სანაპირო დაცვის უწყებებს შორის არსებული ეფექტიანი თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. თემურ კეკელიძემ სტუმარს სასაზღვრო პოლიციაში სანაპირო დაცვის კუთხით მიმდინარე და განხორციელებული პროექტები, ასევე, დაგეგმილი რეფორმები და  პრიორიტეტები გააცნო.

ვიზიტის ფარგლებში, კონტრ-ადმირალი აჰმეთ ქენდირი სასაზღვრო პოლიციაში ერთობლივი კომისიის წევრებსაც შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სანაპირო დაცვის მიმართულებით საგანმანათლებლო და ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების და არსებული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, პირველი რანგის კაპიტანმა თემურ კვანტალიანმა და თურქეთის სანაპირო დაცვის სარდალმა, კონტრ-ადმირალმა აჰმეთ ქენდირმა ხელი მოაწერეს შეთანხმების ოქმს, რომელიც ორი ქვეყნის სანაპირო დაცვის უწყებებს შორის თანმშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. მხარეებს შესაძლებლობა ეძლევათ, გააძლიერონ ორმხრივი თანამშრომლობა საპორტო ვიზიტების, ერთობლივი სწავლებების, პერსონალის გაცვლის, საგანმანათლებლო და ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.  

ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის სანაპირო დაცვის სარდალი ფოთში საქართველოს სანაპირო დაცვის ბაზასაც ეწვევა და დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდება. ასევე, ესტუმრება საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს (JMOC). მოგვიანებით კი, კონტრ-ადმირალი აჰმეთ ქენდირი ბათუმში, სანაპირო დაცვის ნავმისადგომში ბაზირებულ თურქულ გემ  “TCSG-95”-ს მოინახულებს.

“TCSG-95” საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საპორტო ვიზიტით იმყოფება და  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან ერთად, სხვადასხვა სწავლებასა და წვრთნაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდი „დიოსკურია“ (P-25) თურქეთის ტერიტორიულ წყლებში საპასუხო ვიზიტით იმყოფება.

საპორტო ვიზიტები ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება და შავი ზღვის აუზში რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

სიახლეების გამოწერა