სასაზღვრო პოლიციას DTRA-ს დელეგაცია ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დელეგაცია ეწვია. დელეგაციას სააგენტოს საერთაშორისო პარტნიორობის სამმართველოს უფროსი, დონ ბრაუნი ხელმძღვანელობდა. სტუმრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, თემურ კეკელიძემ უმასპინძლა. 

შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს. თემურ კეკელიძემ ყურადღება თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტებზე გაამახვილა. მან სააგენტოს წარმომადგენლებს სასაზღვრო პოლიციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

DTRA-ს ხელშეწყობით სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტსა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. კერძოდ, აშენდა ახალი სასაზღვრო სექტორები და კინოლოგიის ცენტრი, სახელმწიფო საზღვარი ელექტრონული დაკვირვების სისტემებით აღიჭურვა, განხორციელდა სანაპირო დაცვის ფლოტის მოდერნიზაცია, განახლდა გემთსარემონტო ინფრასტრუქტურა.

სიახლეების გამოწერა