საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ფრანგული ხომალდი შემოვიდა

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საფრანგეთის ეროვნული ფლოტის ხომალდი „GUEPRATTE” შემოვიდა. საფრანგეთის ეროვნული ფლოტის დელეგაციას გემის კაპიტანი ჟაკ მალარი ხელმძღვანელობს. ბათუმის პორტში სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი თემურ კვანტალიანი, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები და აჭარის მთავრობის წევრები დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, ფრანგული ხომალდის კაპიტანი, ჟაკ მალარი და საქართველოში საფრანგეთის ელჩი, პასკალ მენიე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდებიან. შეხვედრაზე მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებისა და დაგეგმილი ერთობლივი სწავლებების საკითხებს განიხილავენ.

საფრანგეთის ეროვნული ფლოტის ხომალდზე, ფრანგი მეზღვაურებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის წარმომადგენლების მონაწილეობით, პირველადი სამედიცინო დახმარების, ცეცხლსა და წყალთან ბრძოლის სახომალდე სწავლებები ჩატარდება. საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მცურავი საშუალებების და ფრანგული ხომალდის ეკიპაჟები ღია ზღვაში სააბორდაჟო და ძებნა-გადარჩენის ერთობლივ წვრთნებს გამართავენ.

აღნიშნული ღონისძიებების მიზანია საფრანგეთისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება.

ფრეგატი “GUEPRATTE” ბათუმის ნავსადგურს 26 ნოემბერს დატოვებს.

სიახლეების გამოწერა