JMOC -ს ხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ეწვივნენ

სუფსის საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს (JMOC) სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ეწვივნენ. სტუმრებს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკმა დათო ნიკოლეიშვილმა უმასპინძლა.

შეხვედრაზე დათო ნიკოლეიშვილმა ცენტრის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსმა, სასაზღვრო პოლიციის III რანგის კაპიტანმა შოთა მიროტაძემ სტუმრებს ცენტრის საქმიანობის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა და ცენტრის ინფრასტრუქტურა გააცნო.

აღნიშნული ცენტრი ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) დაფინანსებით შეიქმნა. მასში 8 სახელმწიფო უწყებაა გაერთიანებული, რომელთა კოორდინაციასაც შს სამინისტრო ახდენს. ცენტრის მიზანია: საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული საფრთხეების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა; ზღვაზე არალეგალური ქმედებების, საზღვაო ინციდენტებისა და საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლი; პრევენცია, გამოვლენა დარეაგირება დარღვევებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნიან, როგორც საქართველოს, ისე მთელ რეგიონს; საზღვაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის ერთიანი სისტემის შექმნა; ერთიანი მართვის ცენტრის მონაწილე უწყებების მიერ ერთობლივი საზღვაო ოპერაციების, ასევე, კრიზისულ სიტუაციებში შეთანხმებულ მოქმედებათა დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფა.

შეხვედრის მიზანი იყო  სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებისათვის ცენტრის საქმიანობის, შესაძლებლობებისა და ამოცანების გაცნობა.ღონისძიება შსს-ს ორგანიზებითა და მხარდაჭერით განხორციელდა.

 

 

სიახლეების გამოწერა