თემურ კეკელიძის კომენტარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ აშშ-ს პრეზიდენტის - დონალდ ტრამპის მიერ 2018 წლის 13 აგვისტოს ხელმოწერილ აშშ-ს ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, საქართველო, ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში, შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნებთან ერთად, მოაზრებულია როგორც აშშ-ს მოკავშირე და პარტნიორი.

„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს. დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის თავდაცვის უნარიანობისა და ნატოსთან თავსებადობის გაძლიერებაში მის მხარდაჭერას, ისევე, როგორც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ამასთანავე, აღნიშნულ დოკუმენტში ხაზგასმულია შავი ზღვის რეგიონში შეცვლილი სამხედრო ბალანსი. ამ კონტექსტში გათვალისწინებულია საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით შავ ზღვაზე ნატოს და სხვა ტიპის მრავალეროვნული სწავლებების სიხშირისა და რაოდენობის გაზრდა.

როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარე წლის ბრიუსელის სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოსთან განავითაროს პრაქტიკული თანამშრომლობა, რასაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას წამყვანი როლი ეკისრება ამ ინიციატივების შესრულებაში, ისევე, როგორც, ზოგადად, ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებთან საზღვაო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაში. ამასთანავე, მინდა ხაზი გავუსვა ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებულ წვლილს საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარებაში. ამის ნათელი მაგალითია ამერიკული მხარის მიერ საქართველოსთვის აილენდის კლასის ორი ხომალდის გადმოცემა. ეს ხომალდები გააძლიერებს სანაპირო დაცვის შესაძლებლობებს, როგორც საზღვაო უსაფრთხოების, ასევე, ნატოს სწავლებებში მონაწილეობის თვალსაზრისით. ჩვენ გავაგრძელებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებებით“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ.

სიახლეების გამოწერა