თემურ კეკელიძემ საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, თემურ კეკელიძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების მე-12 კონფერენციაში და კონფერენციის ფარგლებში გამართულ მეხუთე პანელზე - „შავი ზღვის უსაფრთხოება ფაქტები, ინტერესები და პერსპექტივები“ სიტყვით გამოვიდა.

„საქართველო მზადაა, მონაწილეობა მიიღოს ერთიანი ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში. მნიშვნელოვანია, რომ 2018 წლის ბრიუსელის სამიტზე ნატომ მიიღო გადაწვეტილება, განავითაროს საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ალიანსის ღირებულებებს და მხარს ვუჭერთ შავ ზღვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებსა და კონკრეტულ ინიციატივებს. საქართველო მზად არის, ჰქონდეს უფრო მეტი ინტერაქცია ალიანსთან. როგორც იცით, ამჟამად საქართველოში ნატოს 5 ხომალდი იმყოფება, რომლებიც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვასთან ერთად, ერთობლივ სწავლებებს ჩაატარებენ. მსგავსი თანამშრომლობა ხელს უწყობს უსაფრთხოების გაძლიერებას შავი ზღვის რეგიონში და მთლიანად ევროატლანტიკურ სივრცეში“, - განაცხადა თემურ კეკელიძემ სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ხაზი გაუსვა ნატოს მხრიდან საპორტო ვიზიტების ინტენსივობის გაზრდას. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა ნატოს საზღვაო ძალებისა და საქართველოს სანაპირო დაცვის ურთიერთთანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე, მათ შორის, აბორდაჟის ჯგუფების სერტიფიცირების პროცესზე, ოპერაცია „ზღვის მცველის“ ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების, ნატოს ნაოსნობის ცენტრსა და საქართველოს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს შორის ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მექანიზმის დახვეწასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის მეხუთე პანელი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციასთან (Munich Security Conference) პარტნიორობით გაიმართა და შავი ზღვის გეოპოლიტიკის პერსპექტივების განხილვას დაეთმო.

მეხუთე პანელის მონაწილეებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით, სიტყვით მიმართა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ, ვოლფგანგ იშინგერმა. შავი ზღვის გეოპოლიტიკაზე დისკუსიაში, ასევე, ჩართული იყვნენ ბულგარეთის ელჩი - დესისლავა ივანოვა-კოზლევა, რუმინეთის წარმომადგენელი - ვასილ ბუკური და ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი - არიელ კოენი. შეხვედრას „ჯეიმსთაუნის ფონდის“ წარმომადგენელი - მეთიუ ბრაიზა უძღვებოდა.

ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია რეგიონში უნიკალურ ფორუმად ჩამოყალიბდა, სადაც ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილება. კონფერენციას 300-მდე მონაწილე ესწრება, მათ შორის არიან მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

კონფერენციის პარტნიორები არიან: დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი (RUSI), პენ ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრი, „ჯეიმსთაუნის ფონდი“ და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია (The Munich Security Conference), ხოლო კონფერენციის სპონსორები - იდენო (IDENO), თალესი (THALES) და ზენ ტექნოლოგიები (ZEN Techonologies).

სიახლეების გამოწერა