თემურ კეკელიძემ მესაზღვრეებს პროფესიული დღე სვანეთში მიულოცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე, მესაზღვრის დღესთან დაკავშირებით, მოადგილესა და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად, სასაზღვრო პოლიციის მესტიის სამმართველოს და სექტორ "ჭუბერს" ესტუმრა.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის დასაცავად გაწეული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა. თემურ კეკელიძემ რამდენიმე თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის დააჯილდოვა. სასაზღვრო პოლიციის უფროსი მესაზღვრეებს უწყებაში მიმდინარე რეფორმაზე ესაუბრა.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარეობს სასაზღვრო პოლიციის სტრატეგიული მიმართულებების - სახმელეთო საზღვრის დაცვის, სანაპირო დაცვისა და სასაზღვრო ავიაციის რეფორმირების პროცესი. ჩვენი მიზანია სასაზღვრო უწყების ინსტიტუციური განვითარება და საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაძლიერება", - განაცხადა თემურ კეკელიძემ.

მისი თქმით, 2018 წლის განმავლობაში სასაზღვრო პოლიციაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

„მიმდინარეობს ახალი სექტორების მშენებლობა და საზღვრის დაცვის კონტროლის საშუალებებით აღჭურვა. საქართველოს სანაპირო დაცვა დინამიურად ვითარდება. სანაპირო დაცვას "აილენდის" კლასის 2 ხომალდი შეემატა, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობებს. ასევე, მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს ავიაპარკის განახლების კუთხით", - აღნიშნა სასაზღვრო პოლიციის უფროსმა.

სიახლეების გამოწერა