თეიმურაზ კეკელიძე ელექტრონული სწავლების კურსის გახსნას დაესწრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კეკელიძე სასაზღვრო პოლიციის N3 სამმართველოში (წითელი ხიდი) ელექტრონული სწავლების კურსის გახსნას დაესწრო. 

მესაზღვრეებს პირველი ელექტრონული ლექცია სექტორზე მოქმედებების სტანდარტული პროცედურების თემაზე, დისტანციურად ჩაუტარდათ. მსმენელები სასაზღვრო პოლიციის 4 სხვადასხვა სამმართველოდან ერთდროულად ჩაერთნენ. 

სასაზღვრო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კეკელიძე ლექციას N3 სამმართველოში დაესწრო, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე კი მსმენელებს N2 სამმართველოდან (ახალციხე) მიესალმა. თეიმურაზ კეკელიძემ სასაზღვრო პოლიციისთვის სალექციო კურსის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მსმენელებს წარმატებები უსურვა. 

ლექციის დასრულების შემდეგ, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა N3 სამმართველოს ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სამმართველოს დასაცავ მონაკვეთზე არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. 

დღეიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ელექტრონულ სწავლებას საქართველოს 36 რაიონში განახორციელებს. მათ შორის: შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის N1 (ბათუმი), N2 (ახალციხე), N3 (წითელი ხიდი) და N5 (ლაგოდეხი) სამმართველოებში. 

ელექტრონული სწავლების მიზანია სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლებისა და აკადემიის მსმენელებისთვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა.

სიახლეების გამოწერა