შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებები - ყველგანმავლები გადმოეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური მხარდაჭერით, სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, ოცი ერთეული ყველგანმავალი - ,,არგო" გადმოეცა. 

სატრანსპორტო საშუალებების შესაძლებლობებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე პირადად გაეცნო. ყველგანმავლების გადმოცემის ღონისძიებას DTRA-ს ევრაზიის ოფისის უფროსის მოადგილე ანალის ჰანტერი დაესწრო.

პროექტის ფარგლებში, მესაზღვრეები სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების, ოპერირების, გეგმიურ მოვლასა და მომსახურების შესახებ სპეციალურ ტრენინგს გაივლიან. 

თემურ კეკელიძემ დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს სასაზღვრო პოლიციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. 

აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო (DTRA), საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სანაპირო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. 

სიახლეების გამოწერა