სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელი მონაწილეობს კონფერენციაში - „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 2018“

საქართველოში კონფერენცია - „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 2018“ (SNGP) მიმდინარეობს.

კონფერენციაზე ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების 170-მდე ექსპერტი, საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, არსებითი პაკეტის შედეგებსა და გაწეულ სამუშაოებზე მსჯელობენ.

ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე. კონფერენციაზე გამოსვლისას, მან ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის განხორციელების პროცესი, მიმდინარე პროექტები და საქართველოს სანაპირო დაცვის სამომავლო გეგმები მიმოიხილა.
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) ინიციატივათა ერთობლიობაა, რომლის მიზანია საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება, უსაფრთხოების სფეროში ნატოს წევრ სახელმწიფოებთან მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება და ალიანსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდა.

კონფერენციის ფარგლებში გამართული სამუშაო შეხვედრები ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული პრიორიტეტების სინქრონიზაციას, სტრატეგიულ მიმართულებებზე საერთო მიდგომების ჩამოყალიბებას და საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციას შეუწყობს ხელს.

სიახლეების გამოწერა