სასაზღვრო პოლიციასა და „სისხლის ბანკს“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დონაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასა და „სისხლის ბანკის“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ და შპს „სისხლის ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ლოლიაშვილმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიზანია ლეიკემიითა და სხვა მძიმე პათოლოგიით დაავადებული ბავშვების დახმარების პროცესში სასაზღვრო პოლიციის ჩართულობის ხელშეწყობა. შეთანხმების საფუძველზე, მესაზღვრეები სისტემატურად,  უსასყიდლოდ ჩააბარებენ სისხლს დაავადებული ბავშვების დასახმარებლად.

თავის მხრივ, მემორანდუმის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, „სისხლის ბანკი“ უზრუნველყოფს სისხლის კომპონენტების მიწოდებას სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის N5  სამმართველოს (ლაგოდეხი) მესაზღვრეებმა დღეს უკვე ჩააბარეს სისხლი ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნით  დაავადებული ბავშვებისთვის.

სიახლეების გამოწერა