საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სასაზღვრო ქვედანაყოფების ერთობლივი წვრთნა ჩატარდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა და თურქეთის რესპუბლიკის სასაზღვრო ქვედანაყოფის ერთობლივი წვრთნა თურქეთში, "მურათლის" სასაზღვრო სექტორზე გაიმართა. სწავლებაში სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს (ბათუმი) და თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სასაზღვრო ბატალიონის ტაქტიკური ოცეულები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების მიზანი იყო ორი ქვეყნის სასაზღვრო ქვედანაყოფებს შორის საზღვრის დაცვის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და საზღვრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა.

წვრთნის სცენარი შედგებოდა 2 ძირითადი ნაწილისაგან: არალეგალური მიგრანტების დაკავება სასაზღვრო ოპერაციის შედეგად და სახელმწიფო საზღვარზე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უკანონოდ გადაყვანის აღკვეთა.

სწავლების დასასრულს, მონაწილეებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ერთობლივი წვრთნა თურქეთ-საქართველოს ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის 2019 წლის გეგმის ფარგლებში გაიმართა. მსგავსი ტიპის სწავლებები საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის რეგულარულად, ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება.

სიახლეების გამოწერა