საქართველოს სანაპირო დაცვის და ნატოს საზღვაო შენაერთის ერთობლივი წვრთნები ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატოს საზღვაო შენაერთის ხომალდებმა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ფართომასშტაბიანი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს. ღონისძიება ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) საპორტო ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.

ერთობლივი საზღვაო წვრთნების დაწყებამდე, სააბორდაჟო ოპერაციის დაგეგმარების პროცესის განხილვა და სააბორდაჟო ჯგუფის მოსამზადებელი სწავლება გაიმართა.

წვრთნები მოიცავდა: საზღვაო მანევრებს, ზღვაზე ძებნა-გადარჩენის ოპერაციებს, უსაფრთხოების მონიტორინგს,​ დანაღმულ საზღვაო რაიონში ნაღმების ძებნა-განეიტრალება​ს, უსაფრთხო სანაოსნო რაიონში ხომალდების კონვოირებასა და ნაოსნობა​ს, ​ეჭვმიტანილი ხომალდის ეკიპაჟის გამოკითხვას, აბორდაჟის ხომალდზე გადასვლას და ჩხრეკა-დაკავების პროცედურებს.

ერთობლივ სწავლებაში მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აილენდის კლასის 2 ხომალდი - "დიოსკურია" და "ოჩამჩირე" და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის 2 ხომალდი - ITS VESUVIO (იტალია) და TCG AMASRA (თურქეთი).

სიახლეების გამოწერა