სანაპირო დაცვის წარმომადგენლები წარმატებული სამაშველო ოპერაციის ჩატარებისათვის დაჯილდოვდნენ

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე მის პირველ მოადგილესთან, კახაბერ ჩიქოვანთან, და სანაპირო დაცვის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსმა თამარ იოსელიანმა სანაპირო დაცვის წარმომადგენლები სამაშველო ოპერაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისათვის დააჯილდოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა,  გასულ წელს, წარმატებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, ცეცხლმოკიდებულ კატარღა “CARPE DIEM“-ზე მყოფი ადამიანები გადაარჩინეს. ოპერაციაში საპატრულო კატარღა “გენერალ მაზნიაშვილი" (P 102), საპატრულო კატარღა "ივერია" (P 105) და მცირე საპატრულო კატარღა "სიარკი" (P 001) მონაწილეობდა.

მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საყვირების ფონზე ზღვაში გვირგვინის ჩაშვებით დასრულდა, რითაც ზღვაში სამსახურის დროს გარდაცვლილ საზღვაო დარგის პროფესიონალებს პატივი მიაგეს. ცერემონიაში სანაპირო დაცვის სადარაჯო ხომალდი "დიოსკურია" (P25) მონაწილეობდა.

სიახლეების გამოწერა