სანაპირო დაცვის თანამშრომლებს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის დაცვის ოფიცერთა სასწავლო კურსი ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებისთვის, დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ფლოტის სკოლის ორგანიზებითა და დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით, ქალაქ ბათუმში, „განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის (EEZ) დაცვის ოფიცერთა კურსი“ ჩატარდა.

კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატები სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, I რანგის კაპიტანმა რამაზ პაპიძემ გადასცა.

“განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის დაცვის ოფიცერთა კურსი“ საქართველოში მეხუთედ ჩატარდა. აღნიშნულ სწავლებაში სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან ერთად აზერბაიჯანის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

კურსის მიზანია მსმენელთა ცნობიერების ამაღლება განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში მიმდინარე ოპერაციების შესახებ. სწავლება მოიცავდა განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის დაცვის, საერთაშორისო საზღვაო სამართლის, საზღვაო საფრთხეებზე რეაგირების, თევზჭერის, გარემოს დაცვის, ძებნა-გადარჩენის საკითხებს, ასევე, საზღვაო მეთვალყურეობის წარმოების ძირითად პრინციპებსა და საკანონმდებლო ჩარჩოს.

სიახლეების გამოწერა