სანაპირო დაცვის თანამშრომლებს (EEZ) კურსი უტარდებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები მონაწილეობენ საერთაშორისო ტრენინგში - „განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის (EEZ) დამცავ ოფიცერთა კურსი“.

სწავლება სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, პირველი რანგის კაპიტანმა ზაზა ერქვანიამ და ბრიტანეთის სამხედრო ატაშეს მოადგილემ, მაიორმა უილიამ ჯორჯმა გახსნეს.

ტრენინგი დიდი ბრიტანეთის საზღვაო ძალების  სკოლის მიერ არის ორგანიზებული. სასწავლო კურსს დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ფლოტის სკოლის ექსპერტები და ინსტრუქტორები უძღვებიან.

სწავლება მოიცავს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის დაცვის, საერთაშორისო საზღვაო სამართლის, საზღვაო საფრთხეებზე რეაგირების, თევზჭერის, გარემოს დაცვის, ძებნა-გადარჩენის საკითხებს, ასევე, საზღვაო მეთვალყურეობის წარმოების ძირითად პრინციპებსა და საკანონმდებლო ჩარჩოს.

განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის დაცვის კურსი, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოში მეოთხედ ტარდება. სწავლებაში, ასევე,  მონაწილეობენ  უკრაინისა  და აზერბაიჯანის სანაპირო დაცვის წარმომადგენლები.

კურსის დასასრულს, ტრენინგის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.

სიახლეების გამოწერა