სანაპირო დაცვის თანამშრომლებს აბორდაჟის კურსი ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, დაინერგა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა გადამზადების სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა სააბორდაჟო პროცედურებში. 

სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ქართველი ინსტრუქტორები სანაპირო დაცვის 130-მდე თანამშრომელს უსაფრთხო აბორდაჟის ტაქტიკას ეტაპობრივად შეასწავლიან და ყველა იმ მნიშვნელოვან მიმართულებაზე გაამახვილებენ ყურადღებას, რომლებიც კიდევ ეფექტურს გახდის სასაზღვრო პოლიციის მუშაობას.

სასწავლო კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ სავარჯიშოებს. ტრენინგზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: პროფესიული კომუნიკაციები, საერთაშორისო სამართალი, შეჩერება-დაკავების პროცედურები, მაღალი რისკის შემცველი სამძებრო ოპერაციების ჩატარება, თავდაცვითი ტაქტიკა და სხვადასხვა ტიპის წვრთნები.

აღსანიშნავია, რომ ტრენინგს სანაპირო დაცვის თანამშრომლები ატარებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ინსტრუქტორებს სამართალდამცავი ოპერაციების (უსაფრთხო აბორდაჟის) ორკვირიანი კურსი გასულ წელს ჩაუტარდათ. სწავლება, რომელსაც აშშ-ს სანაპირო დაცვის სამსახურიდან მოწვეული ინსტრუქტორები უძღვებოდნენ, აშშ-ს საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის ორგანიზებითა და აშშ-ს სანაპირო დაცვის სამსახურის მხარდაჭერით განხორციელდა.

სპეციალური საგანმანათლებლო 
პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს სანაპირო დაცვის თანამშრომლების პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის ამაღლებას და დაეხმაროს მათ, შეიძინონ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მათი საქმიანობის უკეთ შესრულების გარანტიაა.

სიახლეების გამოწერა