ნიკოლოზ შარაძემ ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდალთან ონლაინ შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ, ვიდეოკონფერენციის ფორმატით, შეხვედრა გამართა ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების (MARCOM) სარდალთან, ვიცე-ადმირალ ქეიტ ბლაუნტთან.

ონლაინ შეხვედრაში სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი თემურ კუპატაძე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე და ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის დირექტორატის ხელმძღვანელი, I რანგის კაპიტანი ჰელგე ანდრესენი მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ნატოსთან თავსებადობის გაზრდის მნიშვნელობას დაეთმო. მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასა და ნატოს გაერთიანებულ საზღვაო ძალებს შორის არსებულ პრაქტიკულ თანამშრომლობასა და სანაპირო დაცვის ნატოს სტანდარტების შესაბამისად გაძლიერებაზე ისაუბრეს.

პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში "ზღვის მცველი", საქართველოს სანაპირო დაცვის ტაქტიკური ქვედანაყოფების (სააბორდაჟო ჯგუფების) ჩართულობით, კონტრიბუციის გაზრდის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. აღსანიშნავია, რომ აბორდაჟის ჯგუფებმა ნატოს სერტიფიცირების მეორე დონის შეფასების პირველი საფეხური [SEL-2] მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიარეს. შეფასების პროცესის დასრულება დაგეგმილია 2021 წელს, რის შემდეგაც საქართველოს სანაპირო დაცვას ეყოლება ნატოს საზღვაო ოპერაციებში მონაწილეობისათვის მომზადებული, აღჭურვილი და სერტიფიცირებული სააბორდაჟო დანაყოფები. 2019 წლიდან აღნიშნულ პროცესში სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებები, აილენდის კლასის სადარაჯო ხომალდებიც "დიოსკურია" და "ოჩამჩირე" ჩაერთო.

ონლაინ შეხვედრაზე მხარეებმა ნატოს მუდმივმოქმედი საზღვაო შენაერთების საქართველოს ნავსადგურებში საპორტო ვიზიტებისა და წვრთნების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. ერთობლივი წვრთნები ნატოს მუდმივმოქმედ საზღვაო შენაერთებთან საქართველოს სანაპირო დაცვის ​ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ძალებთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. მიმდინარე წლის აპრილში, საქართველოში საპორტო ვიზიტისას გამართულ ერთობლივ საზღვაო წვრთნებში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის 5 ხომალდი მონაწილეობდა, რაც ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე უპრეცედენტო რაოდენობაა. 

MARCOM-ის სარდალმა  შეხვედრის მონაწილეებს ქართულ მხარესთან თანამშრომლობის 2021 წლის გეგმა და პრიორიტეტები გააცნო.

შეხვედრის დასასრულს, სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლოზ შარაძემ ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების მეთაურს წარმატებული საზღვაო თანამშრომლობისა და, ამ კუთხით, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ გამოცხადებული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისათვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.

სიახლეების გამოწერა