ნატოს საზღვაო შეფასების კურსი საქართველოში პირველად ჩატარდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორგანიზებით, ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის (MARCOM) და ნატოს შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდლობის (SHAPE) მხარდაჭერით ოთხდღიანი კურსი - „ნატო-ს ოპერაციული შესაძლებლობების შეფასება და უკუკავშირის პროგრამის საზღვაო შეფასება (MAREVAL)“ საქართველოში პირველად ჩატარდა.

კურსის დახურვის ცერემონიას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი თემურ კვანტალიანი დაესწრნენ. მათ კურსის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.

ნატოს საზღვაო შეფასების კურსის მიზანია საზღვაო ოფიცრების მომზადება ნატოს საზღვაო კომპონენტის შემფასებლად, ნატოს ოპერაციული შესაძლებლობების შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის ფარგლებში. კურსი წარმოადგენს ურთიერთქმედებისა და თანამშრომლობის პლატფორმას საზღვაო სფეროს წარმომადგენელთათვის, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში შემფასებლად არიან შერჩეულნი.

სასწავლო კურსს, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ოცდაშვიდი წარმომადგენელი დაესწრო.

სიახლეების გამოწერა