ერთობლივი პრესკონფერენცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ, ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის მეთაურმა, კომოდორმა ბაუდევაინ ბუთსმა, საქართველოში პოლონეთის ელჩმა მარიუშ მაშკიევიჩმა და ნატოს მეკავშირე ოფიცერმა, პოლკოვნიკმა გინტარას ბაგდონასმა ნატოს ხომალდების საქართველოში ვიზიტის საკითხები ერთობლივ პრესკონფერენციაზე შეაჯამეს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა ალიანსთან საზღვაო სფეროში თანამშრომლობის განვითარების პროცესში მთავარ როლს თამაშობს. თანამშრომლობას ვავითარებთ, როგორც ოპერატიულ დონეზე, ნატოს ხომალდებთან უშუალო ურთიერთქმედებით, ასევე სტრატეგიულ დონეზე, ალიანსის საზღვაო სარდლობასთან აქტიური თანამშრომლობით. ამის ერთ-ერთი დაადასტურებაა, თებერვალში, ნატოს საზღვაო ძალების სარდლის, ადმირალ კლაივ ჯონსტონის საქართველოში ვიზიტი.

მისასალმებელია, რომ 2018 წლიდან გაორმაგდა ნატოს საზღვაო შენაერთების ვიზიტების სიხშირე, რაც ალიანსის მხრიდან, ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილს წარმოადგენს. პრაქტიკული კუთხით კი, ხელს უწყობს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას და აძლიერებს ნატოსთან ჩვენს თავსებადობას. რაც, საერთო ჯამში, ემსახურება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს.

სანაპირო დაცვის შესაძლებლობების შემდგომი განვითარება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“. - განაცხადა თემურ კეკელიძემ.

ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის მეთაურმა, კომოდორმა ბაუდევაინ ბუთსმა ყურადღება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვასთან ერთობლივი წვრთნების ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მათი მიზანია გააძლიეროს ურთიერთობები საქართველოსთან.

სიახლეების გამოწერა