სანაპირო დაცვა

 სანაპირო დაცვის დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) უზრუნველყოფს საქართველოს საზღვაო სივრცეში სასაზღვრო– საზღვაო პოლიტიკის გატარებას, დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის შესრულებაზე კონტროლს და საერთაშორისო სამართლის ნორმებით დადგენილი ზომების მიღებას;

ბ) დამოუკიდებლად ან საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის დაცვის კონტროლზე პასუხისმგებელ ორგანოებთან ურთიერთქმედებით ახორციელებს სასაზღვრო-პოლიციურ, ორგანიზაციულ-სამართლებრივ, ადმინისტრაციულ, მიგრაციულ, გარემოსდაცვით, ძებნა-გადარჩენით და სხვა საზღვაო საქმიანობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;  (31.12.2009 N 1601)

გ) უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვაო საზღვრის დაცვისა და საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლთან დაკავშირებული ამოცანების შესრულების ორგანიზებას, მართვასა და ხელმძღვანელობას;

სანაპირო დაცვის დეპარტამენტი შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან:  

ა) ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველო;

ბ) სანაპირო დაცვის პოლიტიკის უზრუნველყოფის სამმართველო;

გ) საინჟინრო-სარემონტო სამმართველო;

დ)საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო;

ე) საკადრო უზრუნველყოფის განყოფილება;

ვ) საქმისწარმოების განყოფილება;

ზ) სამართლებრივი და საპროტოკოლო უზრუნველყოფის ქვეგანყოფილება.

 

სანაპირო დაცვის რეფორმა შსს სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. 2008 წლის მიწურულს სახელმწიფო რესურსების ხარჯვის ოპტიმიზაციის მიზნითა და საერთაშორისო ექსპერტთა რჩევით განხორციელდა სამხედრო ფლოტისა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის შერწყმა. საომარი მდგომარეობის გამოცხადების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია გადადის სამხედრო ძალების შემადგენლობაში.

ძირითად სამოქმედო დოკუმენტად, განიხილება სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგია, რომელიც ეფუძნება საზღვრის ინტეგრირებული მართვის მოდელს და მიზნად ისახავს საზღვრის დაცვაში, საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობასა და რეგიონულ სასაზღვრო თანამშრომლობის        განმტკიცებაში ჩართულ უწყებათაშორისო კოორდინაციისა და თანამშრომლობის განვითარებას. 

სანაპირო დაცვა მჭიდროდ თანამშრომლობს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებთან და საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის დაცვის კონტროლის განმახორციელებლ უწყებებთან, საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან.

მიუხედავად რუსეთთან ომის შედეგად მიღებული მნიშვნელოვანი ზიანისა, მოხერხდა სანაპირო დაცვის ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია. განხორციელდა მცურავი საშუალებების მოდერნიზაცია და ექსპლუატაციაში შეყვანა. ფუნქციონირებს თანამედროვე სარადარო სადგურები, რომელთა დაფარვის რადიუსიც ვრცელდება საქართველოს მთელს სანაპირო ზოლს, ტერიტორიულ წყლებსა და ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაზე.

სანაპირო დაცვის შესაძლებლობების შემდგომი გაუმჯობესება

მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, გეგმიურად მიმდინარეობს სანაპირო დაცვის სისტემის შემდგომი განვითარება. დაგეგმილია ფოთისა და ბათუმის ბაზებისა და სანაპირო დაცვის სარადარო სადგურების ინფრასტრუქტურის განვითარება, არსებული მცურავი საშუალებების ბაზის განახლება: ნაწილის  მოდერნიზაცია და ზოგ შემთხვევაში, ახლით ჩანაცვლება.პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება  პირადი შემადგენლობის მუდმივი გადამზადება.

საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ჩამოყალიბება

საქართველოს მეგობარი სახელმწიფოების ხელშეწყობით ჩამოყალიბდა საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი. ერთობლივი მართვის ცენტრი, როგორც შიდაუწყებრივი და უწყებათშორისი თანამშრომლობის მექანიზმი, ხელს შეუწყობს საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული საფრთხეების წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას.

ცენტრის მთავარი ამოცანა არის  საქართველოს საზღვაო სივრცეში იმ არალეგალური ქმედებების, საზღვაო ინციდენტებისა და საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის სერიოზული დარღვევების პრევენცია, აღმოჩენა და აღმოფხვრა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან, როგორც საქართველოს, ისე მთელ რეგიონს. ცენტრის, როგორც ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მაკოორდინირებელი ორგანო, ჩამოყალიბდება სანაპირო დაცვის ბაზაზე და აღიჭურვება ერთობლივი მართვის, კონტროლის, კომუნიკაციების, საზღვაო დაკვირვების ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით.

სარემონტო შესაძლებლობების განვითარება

დონორი ქვეყნების დახმარებით, მიმდინარეობს საზღვაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ტექნიკური დახმარება და ოპერაციული შესაძლებლობების გაუმჯობესება. ჩამოყალიბდა ფოთის ბაზის გემთსარემონტო ინფრასტრუქტურა. ამჟამად მიმდინარეობს სახელოსნოს შესაბამისი დაზგა-დანადგარებით  აღჭურვა. აღნიშნულის განხორციელების და ტექნიკური პერსონალის დაგეგმილი გადამზადების შემდგომ, სანაპირო დაცვას შესაძლებლობა ექნება საკუთარი ძალებით შეაკეთოს მცურავი საშუალებები.

დაგეგმილია სარადარო სადგურებსა და ფოთისა და ბათუმის ბაზებზე ნავმისადგომების მშენებლობა, რაც ერთიანობაში გააძლიერებს სანაპირო დაცვის შესაძლებლობებსაც და ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოებასაც.